თელაველები “ერეკლეობას” იგივე თელავქალაქობას აღნიშნავენ

თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე, “ერეკლეობა”  იგივე თელავქალაქობა აღინიშნება.
ტრადიციულ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრალურ
ნაწილში  მთელი დღის განმავლობაში კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები იმართება.
 ერეკლე მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ მეფის სასახლეში ანსამბლების „პატარა კახისა” და „მზე შინას” მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, მოეწყო მათი აუდიო-კომპაქტდისკების პრეზენტაციაც.
 ასევე მეფის სასახლეში  გაიმართა  ერეკლე მეორის  ორდენით დაჯილდოების ცერემონიალი, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები პროფესიულ ასპარეზზე განსაკუთრებული წვლილისთვის სამეფო სახლის მეთაურმა ბატონიშვილმა ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკიმ დააჯილდოვა.
თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა ერეკლე მეფისადმი მიძღვნილი გამოფენა სახელწოდებით ,,პატარა კახი – საყვარელი კახეთის მეფე,,.
 ქალაქის  ცენტრალურ  მოედანზე, ძველი ბაღის ტერიტორიაზე გამოიფინა თელაველი მხატვრებისა და ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები.
ადგილობრივ დამთვალიერებლებს და ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოენახულებინათ  წიგნის, ტურიზმის, ღვინის, ხალხური რეწვისა და სოფლის ნობათის პავილიონები;
თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მოწყობილ სცენაზე კი  ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიართა.
საზეიმო ღონისძიებებს თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თბილისის  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო  თეატრის საბალეტო დასის მიერ წარმოდგენილი ბალეტი  „მაკნატუნა”  და   საზეიმო ფოიერვერკი დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები