ირაკლი ჭეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებას ტყუილს უწოდებს
აჭარის უმაღლეს საბჭოში “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ჭეიშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებას, თორნიკე რიჟვაძის მამასთან დაკავშირებით, ტყუილს უწოდებს.
როგორც მმართველი გუნდის წევრი აცხადებს, “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების მეორე ტურის შედეგებით შეშინებულია და “ქართულ ოცნებას” არავის გადაბირება არ სჭირდება.
„ცხრა წლის განმავლობაში არაერთი ბრალდება ისმის ჩვენი მისამართით და არასდროს ეს ფაქტები არ დადასტურებულა, ამ შემთხვევაშიც არ არის გამონაკლისი, დაზუსტებით ვამბობ, რომ ეს არის ტყუილი და სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს.
დავით რიჟვაძეს არანაირი პოზიცია არ აქვს პარტიაში და შესაბამისად, ეს არის დიდი ტყუილი და ვერ იქნება სიმართლე, რასაც გიორგი კირთაძე საუბრობს, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვჭირდება არავის გადმობირება, დაშანტაჟება, ყველაფერი გამოჩნდება უახლოეს პერიოდში.
ვითანამშრომლებთ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ყველა პარტიასთან. ალბათ შეშინებული არიან მეორე ტურის შემდეგ და ვურჩევ, საკუთარი საქმეებით დაკავდნენ”,- აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა განაცხადეს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამა ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახლად არჩეული დეპუტატების მოსყიდვას ცდილობს.