ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლები და ინციდენტში მონაწილე პირები ამ დროისთვის გამოკითხვის მიზნით გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სამართალდამცველების მიერ მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა.
შსს-ს ცნობითვე, ინციდენტის დროს დაზიანდა საპატრიარქოს კუთვნილი ტექნიკა, კერძოდ, ვიდეოკამერა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს მამათა მონასტრის ტერიტორიაზე დაპირისპირება და ხმაური დილიდან დაიწყო.
როგორც ბალდის მონასტრის განკვეთილმა, მამა ათინოგენემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სალხინოს მამათა მონასტრის განკვეთილმა მღვდელმსახურებმა საპატრიარქოდან მიიღეს წერილი, რომ 4 ნოემბრამდე უნდა დაეტოვებინათ მონასტერი, თუმცა აღნიშნულზე უარი განაცხადეს.
საუბარია 15-მდე სასულიერო პირზე, რომლებიც მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, სტეფანე კალაიჯიშვილმა, თანამდებობებიდან მარტი-აპრილის თვეში გადააყენა, სექტემბერში კი, სრულად განკვეთა ეკლესიიდან.