ჯრუჭის მონასტერში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
ჯრუჭის მონასტრის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
“სიმბოლურია, რომ დღეს, მერის პოზიციიდან, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებას ვიწყებ ჯრუჭის მონასტრიდან. მონასტერი 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა და მისი აღდგენა როგორც ამ სოფლის მაცხოვრებლების, ისე თითოეული ჩვენგანის სურვილი იყო. აღდგენითი სამუშაოები 2018 წელს დაიწყო. წელს სხვა სამუშაოებთან ერთად, ცენტრალური კამარის მოწყობა მიმდინარეობს. სასიხარულოა, რომ ტაძრის აღდგენა საარქივო მასალის მიხედვით მოხდება.
ჯრუჭის მონასტრის აღდგენა, ტურისტული თვალსაზრისითაც მეტად მნიშვნელოვანია. ახლახანს გახსნილი საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რომელიც მონასტრის მიმდებარედ არის, მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტული ნაკადების მოდინებას ჩვენს მუნიციპალიტეტში. ჩემი სურვილია, კულტურულმა ძეგლმა ისევ დაიბრუნოს ის ძველი დიდება, რომელიც საუკუნეების წინ ჰქონდა”,- განაცხადა ლევან ივანაშვილმა.