დავით ბახტაძემ სამტრედიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოლების და ოფეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში, ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. რაც შეეხება
ოფეთის ადმინისტრაციულ ერთეულს, ოფეთი-დაფნარის დამაკავშირებელ გზაზე ე.წ “აბანოთუბანში” გზის მოხრეშვა-დაგრეიდერება მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერი, ინფრასტრუქტურის ნაწილში, პროექტების მნიშვნელობაზე საუბრობს და აქცენტს მოსახლეობის საჭიროებებზე აკეთებს. ,,ჩვენი ძირითადი საზრუნავი ადგილობრივების მოთხოვნებზე გადის. მთავარია ყურადღების მიღმა არ დარჩეს არცერთი მიმართულება, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მზად ვართ მაქსიმუმი გავაკეთოთ პრობლემების მოსაგვარებლად,” – აღნიშნა დავით ბახტაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას.