ზუგდიდის მე-2 საარჩევნო უბნიდან 3 დამკვირვებელი გააძევეს
ზუგდიდის მე-2 საარჩევნო უბნიდან სამი დამკვირვებელი გააძევეს. კომისიის თავმჯდომარის მარიანა კვარაცხელიას განცხადებით, ისინი კომისიას მუშაობაში ხელს უშლიდნენ და კენჭისყრის პროცედურას აფერხებდნენ, რის გამოც მიიღო კომისიამ გადაწყვეტილება დაეტოვებინათ უბანი.
„ისევ დამკვირვებლებს შორის მოხდა უთანხმოება. კომისიის წევრების უკან იდგა ბატონი, რომელიც კომისიის წევრებს მუშაობაში უშლიდა ხელს, მეორე დამკვირვებელმა უთხრა ცოტა მოშორებით დადექიო. ამან გამოიწვია დაპირისპირება. ერთი ძალიან ყვიროდა. შეწუხდნენ კომისიის წევრები. კომისიის წევრების უმრავლესობასთან ერთად მივიღე მათი გაძევების გადაწყვეტილება. მანამდე გავაძევეთ ერთი ქალბატონი, რომელიც აწარმოებდა ვიდეოგადაღებას, რისი უფლებაც მას არ აქვს უწყვეტად აწარმოოს გადაღება”,- განაცხადა მარიანა კვარაცხელიამ.
რაც შეეხება უბნიდან გაძევებულ დამკვირვებლებს, ერთ-ერთი მათგანი ალექსანდრე ნინუა ამბობს, რომ მას პროვოკაცია მოუწყეს, რადგან უბნის შიგნით მათი ყოფნა არ აწყობდათ.
„პროვოკაცია მომიწყვეს. შემოვარდა ვიღაც, ყვირილი დამიწყო, უკან დაიხიეო, ადგილი არ იყო სად უნდა წავსულიყავი. მივმართე კომისიის თავმჯდომარეს მიეღო ზომები, მაგრამ არაფერი გააკეთა. ბოლოს ისევ ჩვენ გაგვაძევეს, იმიტომ რომ ასე აწყობდათ”,- აცხადებს “აჭარის განვითარების ცენტრის” წარმომადგენელი ალექსანდრე ნინუა.