“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოზურგეთის მერმა და ოპოზიციურმა კანდიდატმა, კოტე შარაშენიძემ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, არაერთხელ დაარღვია კანონი.
მისი განმარტებით, ის სასამართლომ უკვე ცნო სამართალდარღვევად ადმინისტრაციული რესურსის მობილიზების გამო.
„შეშფოთებული ვარ ასევე გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, სადაც მისი მდივანი ადანაშაულებს მას ზეწოლასა და სავარაუდო შევიწროებაში. ამტკიცებდა, რომ არის დამოუკიდებელი კანდიდატი, ყველამ ვნახეთ, რომ პირდაპირ ალიანსში იმყოფება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ოზურგეთი არჩევანს აკეთებს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ოზურგეთის მოქმედი მერის, ამჟამად ოპოზიციის კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის მდივან-რეფერანტმა ალიონა სურგულაძემ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ “კონსტანტინე შარაშენიძე თავისი ქმედებებით გასცდა თავის თანამდებობრივ თუ მორალურ ჩარჩოებს და ბოლო ორი წელია, უკან არ იხევს არც ზეწოლაზე და არც შანტაჟზე”.