ახალციხეში ყარსის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, მეზობელი თურქეთის რესპუბლიკის კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრის დასაწყისში სტუმრებმა მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ ხელმძღვანელს გამარჯვება მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე და ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებზე იმსჯელეს. გარდა ამისა, დელეგაციის წევრებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს, ყარსის უნივერსიტეტსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტს, რომელიც მეზობელი თურქეთის ქალაქ ყარსში მდებარეობს, მრავალწლიანი ურთიართობა აქვს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ქართველოლოგიის მიმართულებით. ამჯერად, კი დელეგაციის მთავარ მიზანს სავეტერინარო მედიცინის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა, რაც ერთობლივი სალექციო და პრაქტიკული სწავლების, ასევე სტუდენტებისთვის გაცვლითი სასწავლო პროგრამების შეთავაზებას გულისხმობს.
როგორც უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ განაცხადა, სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეტერინარიის 5 წლიანი პროგრამა მოქმედებს, ამ მიმართულებით კვალიფიციური კადრების მომზადება კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენი მუნიციპალიტეტისა და მთლიანად რეგიონისთვის. მისივე თქმით, ყარსის უნივერსიტეტს დიდი გამოცდილება აქვს ვეტერინარული მედიცინის მიმართულებით, ჰყავს მაღალი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალი და გააჩნია თანამედროვე მატერიალურ ტექნიკური ბაზა. შესაბამისად, ამ კუთხით ყარსის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.
შეხვედრის დასასრულს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა დადებითად შეაფასა ორ უნივერსიტეტს შორის არსებული კეთილმეგობრული ურთიერთობები და მუნიციპალიტეტის მხრიდან აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.