ლანჩხუთში ძუძუს კიბოს სკრინინგის ცენტრი გაიხსნება
ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამის, „ჰორიზონტი 2020-ის” ფარგლებში, ლანჩხუთში ძუძუს კიბოს სკრინინგის ცენტრი გაიხსნება. ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი აპარატურით აღიჭურვება (ციფრული მამოგრაფი, ექოსკოპიური აპარატი). “სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო სერვისების მიღება მიზნობრივი ჯგუფებისთვის უფასო იქნება, რაც გაზრდის გურიის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ხელმისაწვდომობას, ადრეულ დიაგნოსტიკასა და პრევენციულ კვლევებზე, როგორც გეოგრაფიული, ასევე ფინანსური თვალსაზრისით.
კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარე რემა ღვამიჩავა და პროექტის აღმასრულებელი ხელმძღვანელი თინა ბერუჩაშვილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე სარიშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პირველადი რგოლის ექიმებთან ერთად ისაუბრეს პროექტისა და მისი მიზნების შესახებ.
როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, 5 წლიანი პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოზის მიზნით, კიბოს სკრინინგის პროგრამების ადმინისტრირებისა და პრაქტიკული განხორციელების გაუმჯობესებას.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის განხორციელებას კოორდინაციას უწევს როტერდამის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრი ERASMUS MC, ხოლო პროექტის ცალკეული კომპონენტების განხორციელებაზე პასუხისმგებელნი არიან პროექტში ჩართული საქართველოს, იტალიის, უნგრეთის, სლოვენიის, მონტენეგროსა და რუმინეთის სამედიცინო და კვლევითი ორგანიზაციები. ქართულ მხარეს პროექტში წარმოადგენს „კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.