მარიამ ხახალეიშვილი – ამაყი ვარ იმით, რომ იოსებ ხახალეიშვილის შვილი ვარ

 

არასდროს “მიბლატავია” შენი თანამდებობით, მაგრამ ამაყი ყოველთვის ვიყავი, ამაყი იმით, რომ იოსებ ხახალეიშვილის შვილი ვარ და არა იმით, რომ ქალაქის მერის შვილი ვარ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის შვილი მარიამ ხახალეიშვილი წერს.

“ალბათ, სჯობს შენზე საუბარი სულ სულ თავიდან დავიწყო. რთულია იმ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა, რასაც ვგრძნობ, მაგრამ ვეცდები მიგახვედრო თუ რამდენს ნიშნავ ჩემთვის. პატარაობაში ყოველთვის ვამბობდი, რომ მამიკოს გოგო ვიყავი. ყველაზე მეტად მიყვარდა შენს კალთაში დასკუპება და ძილი, რადგან შენთან ყოფნისას არაფრის მეშინოდა, ვიცოდი, რომ დაცულად ვიყავი და ვერაფერი შემაშინებდა.

დღესაც ვამბობ, რომ მამიკოს გოგო ვარ, არის ამ სიტყვებში რაღაც იდუმალი, რაც ჩემდა უნებურად თვალებს მიციმციმებს და სიყვარულით მინათებს. შენით ვარ ძლიერი, ნებისმიერ არჩევანში და გადაწყვეტილებაში გვერით მიდგახარ, სწორ გზას მიჩვენებ და შეცდომებზე სწავლაში მეხმარები. ჩემთვის შენი განვლილი ცხოვრებით, პიროვნულობითა და ადამიანობით სამაგალითო ხარ.

მეგობრები “მეროვნად” მომიხსენიებენ, მაგრამ სულ ვამბობ, რომ პირველ რიგში სოსოს პროფესია მამობაა და შემდეგ მერობათქო. არასდროს “მიბლატავია” შენი თანამდებობით, მაგრამ ამაყი ყოველთვის ვიყავი, ამაყი იმით, რომ იოსებ ხახალეიშვილის შვილი ვარ და არა იმით, რომ ქალაქის მერის შვილი ვარ.

წინასაარჩევნო პერიოდი “ცოტა” რთული გამოდგა. ბევრი ქექეს, ქექეს და ბოლოს, რომ ვერაფერი გამოქექეს იფანტაზიორეს და ათასი ტყუილი გამოგიგონეს, სასაცილოა მათი ასეთი მდგომარეობა სატირალი რომ არ იყოს. გული მწყდება, რომ ადამიანებს ასე ადვილად შეუძლიათ ერთმანეთის დამცირება, შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა, არ მესმის როგორ შეუძლიათ ცილი დასწამონ ადამიანს და ღამე მშვიდად დაიძინონ, მაგრამ ამ რთული სიტუაციის შემდეგ კიდევ მეტად დაგაფასე. შენი ღირსება, სახე და ადამიანობა შეინარჩუნე, გაემიჯნე ადამიანის შეურაცხყოფას, დამცირებას, ბოროტებას ბოროტებით არ უპასუხე და შენი გზა განაგრძე. ვთვლი, რომ ეს მხოლოდ დიდ ადამიანებს შეუძლიათ. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მარტო ამიტომ ხარ მათზე მეტი.

მჯერა, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე და ვიცი, რომ ეს ბრძოლაც სიკეთით სავსე ადამიანის გამარჯვებით დასრულდება. მიყვარხარ ძალიან ძალიან”, – წერს მარიამ ხახალეიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები