„ კონსტანტინე შარაშენიძე თავისი ქმედებებით გასცდა თავის თანამდებობრივ თუ მორალურ ჩარჩოებს და ბოლო ორი წელია უკან არ იხევს არც ზეწოლაზე და არც შანტაჟზე. არ მორიდებია მორალურ ზეწოლას, რაც გამოიხატებოდა სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით და ჩემი ოჯახის კუთვნილ ბიზნესზე ზეწოლით,“ – ამის შესახებ მოქმედი მერის, ამჟამად ოპოზიციის კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის მდივან-რეფერანტი ალიონა სურგულაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ჩემმა ყველა მეგობარმა თუ ახლობელმა იცით, რომ არ გამოვირჩევი სოციალურ ქსელში აქტიურობით. ჩემს პირად გვერდზე ალბათ არც შეხვედრილხართ რაიმე სახის პოსტს, მაგრამ ახლა ის დროა, როცა ჩემი დუმილი თითქმის ღალატის ტოლფასია.
მცირედ შესავალს გაგიკეთებთ, თქვენთვის მარტივად აღსაქმელი რომ გახდეს თუ რისი თქმა მსურს. ზუსტად 15 წელია ვმუშაობ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სრული ეს 15 წელი ვიმუშავე გამგებლის/ მერის მდივნად. ყველას ვინც მიცნობს ან ერთხელ მაინც ჰქონია ჩემთან შეხება იცის, რომ ჩემს საქმიანობას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი. ამ პერიოდის განმავლობაში მომიწია მემუშავა 6 ხელმძღვანელთან, ხოლო მე-7 მოქმედი მერი კოტე შარაშენიძეა. მარტივად აღსაქმელია, თუ რამდენ კომპეტენტურ და სხვადასხვა შეხედულების ადამიანთან ვმუშაობდი და ვურთიერთობდი ყოველდღიურად. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არცერთ მათგანთან არ მქონია მცირედი გაურკვევლობა ან თუნდაც უმნიშვნელო წყენა. მაგრამ ზემოთხსებული მერი, ბატონი კონსტანტინე შარაშენიძე, თავისი ქმედებებით, გასცდა, დიახ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ გასცდა, თავის თანამდებობრივ თუ მორალურ ჩარჩოებს და ბოლო ორი წელია უკან არ იხევს არც ზეწოლაზე და არც შანტაჟზე.
უშუალოდ ჩემ ჭრილში რომ განვიხილოთ, არ მორიდებია მორალურ ზეწოლას, რაც გამოიხატებოდა სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით და ჩემი ოჯახის კუთვნილ ბიზნესზე ზეწოლით. (ვინაიდან, აღნიშნული ბიზნესი ვერ აკმაყოფილებდა მერისა და მისი დის ინტერესებს).
არაერთხელ შემოსულა, კონსტანტინე შარაშენიძისგან ზარი ჩემს ტელეფონზე, განსაკუთრებით საარჩევო პერიოდში, სადაც აღნიშნავდა, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ჩემი ოჯახიდან არ იქნებოდა მის მიმართ აქტიური მხარდაჭერა, გამარჯვების შემთხვევაში მიიღებდა შესაბამის ზომებს, ვციტირებ,- ” მე რომ გავიმარჯვებ, მერე სად მიდიხართ?!”. და მსგავსი ათასი ფაქტი, რომელთა მოყოლითაც თავს არ შეგაწყენთ.
გამომდინარე აქედან, თქვენთვის მომინდია განსაჯოთ თუ რა მენტალური და მორალური ღირებულების ადამიანთან/მერობის მომავალ კანდიდატთან გვაქვს საქმე, მაშინ როდესაც ეს კონკრეტული პიროვნება ურცხვად ადანაშაულებს სხვას ზეწოლასა და შანტაჟში, თვითონ კი პერმამენტულად განაგრძობს მსგავს ქმედებებს.
სულ ეს იყო რისი თქმაც საჯაროდ მსურდა და დამერწმუნეთ, ყოველივე ეს ზღვაში წვეთია. პ.ს ჩვენი მომავლის არჩევანი, ჩვენს ხელშია“ – წერს “ფეისბუქზე” სურგულაძე.