“ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოს გამთლიანებისთვის” – ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა საოკუპაციო ხაზი მოინახულა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესტონეთის თავდაცვის მინისტრი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზს ეწვია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თავდაცვის მინისტრს კალე ლაანეტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით.
“ესტონეთის ყოველთვის აცხადებს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა იმ მოვლენების ხილვა რაც ხდება კონტროლირებადი ტერიტორიის მიღმა. ძალიან სამწუხაროა რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის თავდაცვის ძალების კონტროლქვეშ არის მოქცეული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოს გამთლიანებისთვის”, – განაცხადა კალე ლაანეტმა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა დეტალურად მიიღო ინფორმაცია რუსეთის მიერ გატარებულ დესტრუქციულ ნაბიჯებზე, მათ შორის ოკუპაციაზე, ანექსიისკენ მიმართულ პოლიტიკასა და დეზინფორმაციაზე.