ახალციხის სოფლებში ანსა და წყრუთში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა. დღეს, სოფლებში ანსა და წყრუთში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა.

რეაბილიტირებული საბავშვო ბაღები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა მარინა მერაბიშვილმა, სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

სოფელ ანში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტს 58 ათას ლარამდე მოხმარდა. შენობა აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, სადაც 25 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას. აღსანიშნავია, რომ სოფელში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა.
სოფელ წყრუთში კი თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ორ სართულიანი შენობა აშენდა. მოეწყო საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები. ასევე, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო ბავშვების გასართობი მოედნით და საჭირო ინფრასტრუქტურით. სამშენებლო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 877 157 ლარით დაფინანსდა. სოფელ წყრუთშიც წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა საბავშვო ბაღი. ბაღი 90 აღსაზრდელზეა გათვლილი.
აღსანიშნავია, რომ სოფელ წყრუთის ახალი საბავშვო ბაღი, შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრთან” თანამშრომლობის ფარგლებში, world vision საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით აღიჭურვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები