ნინო ლაცაბიძე: ვნახეთ კადრები, სადაც ადამიანი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს რუსთაველების მერობაზე, ძალიან მარტივად იმეტებს ადამიანს, რომ წიხლი ჩაარტყას

რუსთავში მომხდარ ინციდენტთნ დაკავშირებით “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ სპეციალური განცხადება გააკეთა. მერობის კანდიდატის თქმით, ორი პარტიის ოფისი ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, სწორედ ამიტომ „ქართული ოცნების“ წევრები, ფაქტის თვითმხილველები არიან.

„საარჩევნო პერიოდი დასასრულს უახლოვდება და რამდენიმე დღე დაგვრჩა კენჭისყრამდე, სწორედ ამ პერიოდს, თითოეულ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა და იყენებს, რომ ხელოვნურად შექმნას ქალაქში ქაოსი, დაპირისპირება, გააღვივოს შუღლი და დააპირისპიროს რუსთაველები ერთმანეთთან. მე პირადად ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური პარტიაა, როგორი გამწარებული ადამიანის მხრიდან შეიძლება ეს იყოს. მთელმა მოსახლეობამ ვნახეთ კადრები, სადაც ადამიანი, რომელიც აცხადებს პრეტენზიას იმაზე, რომ რუსთაველების მერი, წარმომადგენელი, დამცველი და პრობლემების მომგვარებელი უნდა იყოს, ძალიან მარტივად იმეტებს ადამიანს იმისთვის, რომ ჩაარტყას წიხლი და გაუსწორდეს ფიზიკურად, ეს არის სამარცხვინო. ჩვენ, პოლიტიკოსებს უნდა გვქონდეს უფრო მეტი თმენის ვალდებულება. უნდა გვესმოდეს, რომ არის მდგომარეობა სადაც, შეიძლება მოგვიწიოს ბოდიშის მოხდა, პატიების თხოვნა, მაგრამ ამას სჭირდება ადამიანობა და გამბედაობა. წიხლის ჩარტყმას და შემდეგ ოფისში დამალვას სჭირდება რომ იყო დავით კირკიტაძე“, – განაცხადა ლაცაბიძემ.

ნინო ლაცაბიძის განცხადებით, დავით კირკიტაძის ოფისთან მივიდნენ ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს თავს რეპრესირებულებად და პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ. მისი თქმით, სწორედ ამ დროს, დავით კირკიტაძე ერთ-ერთ პირს ფიზიკურად გაუსწორდა, რაც გავრცელებულ ვიდეომასალაშიც ჩანს.

ლაცაბიძის განცხადებით, ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ დაიწყო კონფლიქტი და ვის რა დანაშაული მიუძღვის.

„სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს მის კურსს, რაც იყო, მისი დამახასიათებელი. მთელი საარჩევნო პერიოდი „ნაციონალური მოძრაობისგან“ იყო ცრუ დაპირებები, მეორე ტურში დაემატა ცრუ ბრალდებები. შესაბამისი სამსახურები დაადგენენ, ვინ იყო მონაწილე, ვინ მოახდინა პროვოცირება, როგორ დაიწყო. ჩვენ რაც დავინახეთ, ეს იყო მერობის კანდიდატი, რომელიც წიხლს ურტყამს თავის მოქალაქეს. საკრებულოში რო ვერ გაიტანს საკითხს, წიხლებით აპირებს? ეს მათი სახეა, მათი ხელწერაა. „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი არის გვერდიგვერდ. ხმაურზე გამოსული ჩვენი თანამშრომლები გამოვიდნენ, რათა არ მომხდარიყო დაპირისპირება. ჩვენს გვერდით დგას ბევრი რუსთაველი და იქ მონაწილეები შეიძლება ჩემი მეგობრებიც იყვნენ და თქვენიც. ვასილ ბალახაძე არაა „ოცნების“ წევრი. ის იყო ბურჯანაძის პარტიიდან. პოლიტდევნილი და რეპრესირებული ადამიანია. ის ცდილობს, აუხსნას რა სტრესი და უბედურება გაიარა მისმა ოჯახმა. პოლიტიკოსებს აუცილებელია გვქონდეს მაღალი სტანდარტი თმენის ვალდებულების. ეს არ ნიშნავს, რომ ფიზიკურად გავუსწორდეთ იმ ადამიანს, ვისი აზრიც არ მოგვწონდეს. როცა დაინახა, რომ რასაც ამბობდა მისთვის მიუღებელი იყო, გაუსწორდა ფიზიკურად“, – განაცხადა ლაცაბიძემ.

ცნობისთვის, რუსთავში გუშინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძეც მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები