ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ორი მილიონ 88 ათას 722-ს შეადგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობის პროცესი დაასრულა.

მისივე თქმით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 მილიონ 88 ათას 722-ს შეადგენს.

„თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 მილიონ 2 ათას 525-ია, მათგან, 41 ათას 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს მონაწილეობას. ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა, ვინაიდან მათ კენჭისყრის დღისთვის უსრულდებათ საარჩევნო ასაკი, არის 2 069.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან, პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა განახლებული ბაზა 22 ოქტომბერს გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას მონაცემების დასამუშავებლად ვადა 28 ოქტომბრამდე ჰქონდა, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიმ უკვე დაამუშავა აღნიშნული მონაცემები, განახორციელა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით დაყოფა და განახლებული ამომრჩეველთა ერთიანი სია ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწყვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციაბისა და ამომრჩევლებისთვის. უკვე დაიწყო განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიის და სამაგიდე სიების ბეჭდვის პროცესიც“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები