“ქართველებს არ უნდა ვენდოთ” – “აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის” წინამძღვარი თბილისში მიპატიჟებას გამოეხმაურა

“აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის” წინამძღვარმა, ვისარიონ აპლიამ თბილისში აფხაზეთის ეკლესიის სტატუსზე სასაუბროდ ჩასვლაზე უარი თქვა.

როგორც მან აფხაზურ ტელეარხთან საუბარში აღნიშნა, აფხაზეთის ეკლესიის საკითხი რუსეთში უნდა წყდებოდეს.

“საკითხი უნდა გადაწყდეს იქ, სადაც ის ასი წლის წინ გადაწყდა, მხოლოდ იქ დავბრუნდებით, იქ ვისაუბრებთ. იქ, სადაც გკლავენ, სადაც განადგურებენ, ჩასვლა და საუბარი არ ღირს. ჩვენ ვიცით, როგორ დასრულდა ნესტორ ლაკობას მოგზაურობა საქართველოში, როგორ დასრულდა ვლადისლავ გრიგორიევიჩის მოგზაურობა. მათ, ქართველებს არ უნდა ვენდოთ”, – თქვა მან.

“აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ” თბილისში შეხვედრის მოწვევა მას შემდეგ მიიღო, რაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილესა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მიმართა “აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის” მიმართ საქართველოს საპატრიარქოს არაკანონიკური კანონიერების შესახებ.

“აფხაზეთის ეკლესიამ” გამოაცხადა, რომ არ სურს „ძმური სულიერი კავშირები მათთან, ვინც, სახარებისეული ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ, აფხაზეთს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად მიიჩნევს“.

“აფხაზეთის ეკლესია” იმედოვნებს, რომ, რუსეთის ეკლესიის დახმარებით, რომელიც მე-19 საუკუნიდან აღადგენს მართლმადიდებლობას კავკასიაში, მიაღწევს დამოუკიდებლობის კანონიკურ აღიარებას.

აღნიშნულს კი საქართველოს საპატრიარქოდან უპასუხეს.

“გაცნობებთ, რომ გავეცანით თქვენს მიმართვას საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებისადმი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით წერილის შინაარსს და სულისკვეთებას, ვაცნობიერებთ დიალოგის დაწყების აუცილებლობას. მოგეხსენებათ, მტერი ყოფს, ღმერთი კი აერთიანებს. ამიტომ, ვფიქრობთ, უფრო სასარგებლო იქნება ამ თემაზე თბილისში თქვენთან შეხვედრა და უშუალოდ პრობლემური საკითხების განხილვა“, – ნათქვამია საპასუხო წერილში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები