ინფრასტრუქტურული სამუშაოები ახალციხეში – ქალაქის კეთილმოწყობაზე 10 მილიონზე მეტი ლარი იხარჯება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე მოადგილებთან ერთად ქალაქ ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ და და რუსთაველის ქუჩა № 124-ში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია მისასვლელი გზის, პარკინგის, სპორტული მოედნების, სკვერის, საბავშვო გასართობი ატრაქციონების, ველო და საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
რუსთაველის ქუჩა № 124-ში კი ამ დროისთვის საბავშვო ბაღის, ახალგაზრდული ცენტრების, კულტურის სახლისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ტერიტორიაზე ჯამში, 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება.