მეორე ტურშიც დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ და მეორე დღიდანვე შევუდგებით ოზურგეთში იმ პროგრამის და ახალი ინიციატივების განხორციელებას, რომლებსაც საზოგადოებას ვპირდებოდით, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გურიაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური იმ დემოკრატიის ნაწილია, რომელიც „ქართული ოცნების” რეფორმების შედეგად საქართველოშია.
„მეორე ტური გახლავთ დემოკრატიის ნაწილი და ეს ყველაფერი, რასაც დღეს უყურებთ – პოლიტიკური კონკურენცია, შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა ფუნდამენტური, დემოკრატიული რეფორმები, რამაც ოპოზიციას მისცა საშუალება, რომ მრავალფეროვანი და კონკურენტული ყოფილიყო სხვადასხვა არჩევნებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.