მუნიციპალური არჩევნები წალენჯიხაში – როგორ ემზადებიან კანდიდატები მეორე ტურისთვის
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის მზადება უფრო და უფრო აქტიურდება. საინტერესოა რა გეგმები აქვთ კანდიდატებს და რას სთავაზობენ საკუთარი უპირატესობის საჩვენებლად ამომრჩეველს. ამ და სხვა საკუთხებზე “კვირასთან” მეორე ტურში გადასულმა ორივე კანდიდატმა – “ქართული ოცნებიდან” გოგა გულორდავამ და “ნაციონალური მოძრაობიდან” გია ხარჩილავამ ისაუბრეს.
მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის თქმით, ის წალენჯიხაში მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება, კარდაკარის პრინციპითაც სარგებლობს და პირადად ეცნობა წალენჯიხელების პრობლემებს, ამასთან ადგილზე ნახულობს მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც.
გოგა გულორდავას მთავარი პროგრამა, რომლის განხორციელებასაც გამარჯვების შემთხვევაში აპირებს, ის 6-პუნქტიანი სამოქმედო გეგმაა, რომელზეც მან და მისმა გუნდმა პირადად იმუშავეს.
მერობის კანდიდატის თქმით, გეგმაში ხაზგასმითაა აღნიშნული ახალგაზრდების ჩართულობა. მუნიციპალიტეტის განვითარებაში წალენჯიხელი ახალგაზრდების გააქტიურება მნიშვნელოვანია და გულორდავა იმედებს სწორედ მათზე ამყარებს.
სამოქმედო გეგმის მიხედვით, წალენჯიხაში გაიხსნება ახალგაზრდული ცენტრი, მოეწყობა ელექტრონული ბიბლიოთეკებისა და საგანმანათლებლო სპეციალური სივრცეები. ამას გარდა აშენდება ფოლკლოროს ცენტრი. მოეწყობა ტურისტული ბილიკები, საოჯახო ტურიზმის პოლიტიკა ახალ საფეხურზე გადავა, აშენდება სკოლები, ბაღები და კეთილმოეწყობა წალენჯიხის სკვერები.
ამრიგად, კულტურულ-საგანმანათლებლო, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა – ეს ის სფეროებია, რომელთა განვითარებასაც მერობის კანდიდატი კიდევ უფრო მეტი აქტიურობითა და სხვადასხვა პროექტით გეგმავს.
მსგავსი პროექტების განხორციელების შედეგად კი გოგა გულორდავა დარწმუნებულია, რომ მუნიციპალიტეტი ეკონომიკურად გაძლიერდება და აქ მცხოვრები ადამიანის საყოფაცხოვრებო პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება.
რაც შეეხება ოპოზიციონერ კანდიდატს, გია ხარჩილავას, როგორც მან ჩვენთან სუაბარში აღნიშნა, მოსახლეობასთან შეხვედრებს პირველი ტურის მსგავსად ახლაც აგრძელებს, თუმცა სხვა კითხვებზე საპასუხოდ დრო ვერ გამონახა და შეგვპირდა, რომ “პასუხს წერილობით ამ დღეებში” გაგვცემს. გოგა გულორდავასგან განახვავებით, რომელმაც სამოქმედო გეგმა მოთხოვნისთანავე წარმოგვიდგინა, “ნაცმოძრაობის” კანდიდატის პასუხს უკვე მეორე დღეა ველოდებით. თავი დღესაც შევახსენეთ, თუმცა კვლავ უპასუხოდ დაგვტოვა. “კვირა” ხარჩილავას სამოქმედო გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ გაიმარჯვებს რას გააკეთებს წალენჯიხაში მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, მათი ეკონომიკური გაძლიერებისთვის, პასუხის მიღებისთანავე გაგაცნობთ.
ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.