თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში ე.წ. მწვანე საშვის მექანიზმის ამოქმედება განიხილება
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, გადაწყვიტოს, ვაქცინას გაიკეთებს თუ არა, თუმცა, მეორე მხრივ, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა (როდესაც მიდის სამუშაო და ბიზნესგარემოში თუ სოციალურ ღონისძიებაზე), ეპიდემიური რისკებისგან იყოს დაცული.
მინისტრის მოადგილემ „მწვანე საშვის” მექანიზმის შესახებ ილაპარაკა: „არჩევანის საფუძველზე: ვაქცინაცია ან PCR-ტესტირება, დაბალანსებულია უფლებრივი კუთხით. მზად ვართ, უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვიმსჯელოთ მექანიზმზე, თუ როგორი იქნება უფრო ეფექტური „მწვანე საშვის” მექანიზმის ამოქმედება როგორც უფლებრივ, ასევე აღსრულების ნაწილში. სხვაგვარად მოსახლეობის მოცვა და იმუნური ფენის ჩამოყალიბება გაჭირდება. ვაქცინაციით მოსახლეობის 80% მაინც უნდა იყოს დაფარული იმისთვის, რომ სტაბილურად გავაგრძელოთ ეკონომიკური და ბიზნესსაქმიანობა, შეზღუდვების გარეშე“.
როგორც გაბუნია აცხადებს, ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ აქტიური იყო ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში, ამჟამად კი მიწოდება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მოთხოვნა.