არჩილ ჩიქოვანი: მაპატიეთ ჩემო ბათუმელებო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ვიდექი თქვენთან ერთად
ბათუმის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, არჩილ ჩიქოვანი 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზოს ჩამინგრევისას მომხდარი ტრაგედიის ადგილზე მივიდა, სამძიმარი გამოხატა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
“კიდევ ერთხელ, მინდა მწუხარება გამოვთქვა იმ დიდი ტრაგედიის გამო, რომელიც ჩვენს ქალაქს დაატყდა თავს. მთელი ამ დღეების განმავლობაში, მხოლოდ მედია საშუალებებით შემეძლო მედევნებინა თვალი იმ პროცესებისთვის, რაც 26 მაისის ქუჩაზე ხდებოდა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი, მაპატიეთ ჩემო ბათუმელებო, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ვერ ვიდექი აქ თქვენთან ერთად, თქვენს გვერდით. დღეს უკვე მომეცა საშუალება მოვსულიყავი ტრაგედიის ადგილზე. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ჩემს ბათუმელებსა და სრულიად საქართველოს”, – განაცხადა ჩიქოვანმა.
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნანგრევებში 10 ადამიანი მოყვა, მათგან 9 დაიღუპა, გადარჩენილი მამაკაცი კი, რომელიც მაშველებმა პირველი ამოიყვანეს, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
მომხდართან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.