“ნაცმოძრაობის” წევრს, რომელიც სექსუალური შევიწროების მცდელობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
„ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრს, სექსუალური შევიწროების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ზაზა ბურჭულაიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება სენაკის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაკავებული პატიმრობაში დატოვა.
პროცესზე დაცვის მხარე გირაოს გამოყენებას ითხოვდა, რასაც მოსამართლე არ დაეთანხმა.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ბურჭულაია 15 ოქტომბერს დააკავეს. ბურჭულაიას, სახლში სტუმრად მყოფი ტურისტი ქალი, სექსუალური შევიწროების მცდელობაში სდებს ბრალს.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ბურჭულაიას უფლებადამცველის განცხადებით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ მას უსაფუძვლოდ სდებენ ბრალს.
დაზარალებულმა ტურისტმა ქალმა ქვეყანა უკვე დატოვა. მანამდე, ის სენაკის მაგისტრმა მოსამართლემ დაკითხა.
ზაზა ბურჭულაია სოფელ ბალდის მე-10 საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობიდან“ მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია.
საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მას საკომისიო უფლებამოსილება შეუწყდება.
წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.