დეკანოზი შიო: ბათუმში, კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გაიხსნება
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მე-13 კორპუსთან მდებარე ეზოში მემორიალის გახსნა იგეგმება, სადაც იმ ადამიანების სახელები და გვარები იქნება ამოტვიფრული, რომლებიც 8 ოქტომბერს კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაიღუპნენ, – ამის შესახებ „ქრონიკას“ დეკანოზმა შიომ (პაიჭაძე) განუცხადა.
„პროექტი ბოლომდე ჩამოყალიბდება და ტრადიციად დავაწესებთ, რომ ყოველ შაბათს 12:00 საათზე ამ ადგილას გადაიხდება დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი“, – აღნიშნა დეკანოზმა.
დღეს 8 ოქტომბრის ტრაგედიიდან მე-9 დღეა და სასულიერო პირებმა დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.