ნიჩბისსა და წეროვანში ვაქცინაციის პუნქტები გაიხსნა

მცხეთის მუნიციპალიტეტს 2 ამცრელი დაწესებულება დაემატა. ამიერიდან, მოსახლეობა ვაქცინაციის ჩატარებას სოფელ ნიჩბისისა და სოფელ წეროვნის ამბულატორიებშიც შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე უსაფრთხო იმუნიზაციისათვის ყველა პირობაა შექმნილი. სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ანტიშოკური და ანტიალერგიული პრეპარატებით, ამასთან, ყველა მათგანს წინასწარ გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები.
ნიჩბისისა და წეროვნის ამბულატორიებში არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი კაპანაძესთან და „მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელ, რეგიონის კოორდინატორ ბადრი კუკულაძესთან ერთად გაეცნო.
„მცხეთა-მთიანეთის რეგიონში აქტიურად ვაგრძელებთ სოფლის ამცრელი პუნქტების დამატებას. ამ ეტაპზე ასეთი 20 ამბულატორია გვაქვს, სადაც იმუნიზაცია ჩინური წარმოების ვაქცინებით „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ მიმდინარეობს.
მსურს, მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში მაქსიმალური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რადგანაც კორონავირუსის მე-5 ტალღას ველოდებით. მნიშვნელოვანია, მას ჩვენი მოსახლეობა მომზადებული შეხვდეს, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ვაქცინაციის ჩასატარებლად მარტივად ხელმისაწვდომი და უსაფრთხო გარემოა შექმნილი” ,- განაცხადა დავით ნოზაძემ.
ცნობისათვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ამ ეტაპზე 9 სოფელში შეუძლია. კერძოდ, იმუნიზაციის პროცესი ძეგვის, წილკნის, საგურამოს, ქსოვრისის, მუხრანის, ძველი ქანდის, გალავნის, ნიჩბისისა და წეროვნის ამბულატორიებში მიმდინარეობს.

აღნიშნულ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები