აჭარაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 6 779 ჰა ფართობია დამუშავებული

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს. სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება მინიმუმამდეა შემცირებული, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათი ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძემ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს და არსებული შედეგები შეაჯამეს.

დასავლეთ საქართველოში მავნებელთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს, ფაროსანას მიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება მინიმუმამდეა შემცირებული, თუმცა, ამ პერიოდში, როცა მავნებელი უკვე გამოსაზამთრებლად ემზადება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და მწერის საწინააღმდეგოდ აპრობირებული მექანიკური მეთოდების გამოყენება.

სამუშაო შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულების მიმდინარე პროცესში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.

აზიური ფაროსანას ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით, სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება, დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი. აჭარაში მავნებლის საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 6 779 ჰა ფართობი, დამონტაჟებულია 2 900 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური და 520 ფერომონიანი დამჭერი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები