შსს-მ ადიგენსა და ბათუმში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში დააკავეს თ.ღ., რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატი.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, მეორე პირი, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 14 საბრძოლო ვაზნა.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.