ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ნგრევის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზოს ნგრევის საქმეზე დაკავებულ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.

გამოძიება დაკავებულებს 240-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას ედავება. აღნიშნული მუხლი სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.

პროკურატურის ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში კორპუსის მკვიდრი ზაურ ბუდაგოვი სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ 2 ფიზიკურ პირ შეუთანხმდა, პირველ სართულზე, თავის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე, რაც ზემოხსენებულ ფართებში, კედლების მოშლასაც მოიცავდა. ბუდაგოვის ადვოკატი კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე სახის სამუშაოებს სარდაფსა და საყრდენ კედელზე.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი გუშინ დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები