2 ადამიანია ნანგრევებში რომელთანაც კომუნიკაცია გვაქვს, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, შემთხვევის ადგილას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ნანგრევებში, მოყოლილები ვერ აზუსტებენ, თუ რომელ სართულზე იმყოფებიან.
სიტუაციის საფრთხიდან გამომდინარე მაქსიმალური სიზუსტით უნდა ჩატარდეს სამაშველო ოპერაცია და მაშველები ყველაფერს აკეთებენ მათ ამოსაყვანად.
მისივე ინფორმაციით, ნანგრევებში 10-15 ადამიანი იმყოფება.
“”რაც მოხდა ყველამ ვნახეთ უკვე, მძიმე სიტუაციაა. რამდენიმე სადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ჩვენ დავიწყეთ უკვე გამოძიება. დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდის 2 ადამიანი, რომელიც ცოცხალია. თუმცა ვერ გვეუბნებიან დაზუსტებით სად არიან. ტელეფონზე გვესაუბრება ერთი ადამიანი. ასობით მაშველია ჩართული. საშუალება არაა რომ ერთდროულად 100-200 ადამიანი ავიდეს ზევით, თუმცა ერთმანეთს ვცვლით. ჩართულია ტექნიკა. მობილიზებულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების, მერია და მუნიციპალური სამსახურები და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს, თუმცა ამ შემთხვევაში სწრაფად მუშაობა ვერ ხერხდება, რადგან შეიძლება უფრო დავაშავოთ რამე. აქედან გამომდინარე ძალიან მაღალ დონეზე, პროფესიონალურად მუშაობენ ჩვენი მაშველები, რომ სათითაოდ ის – სინკარია, ბეტონის ნანგრევებია თუ რაც არის გადმოვალაგოთ და ქვეშ მოყოლილი ადამიანები ცოცხალი ვინც არის უსაფრთხოდ გამოვიყვანოთ”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, დღეს დილით, 11:00 საათისთვის ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორსპუსის ნაწილი ჩამოიშალა. ადგილზე ამ წუთებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.