მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – გალავანსა და ძველ ქანდაში – ვაქცინაციის პუნქტები გაიხსნა
მცხეთის მუნიციპალიტეტს 2 ამცრელი დაწესებულება დაემატა. ამიერიდან, მოსახლეობა ვაქცინაციის ჩატარებას სოფელ გალავნისა და სოფელ ძველი ქანდის ამბულატორიებშიც შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე უსაფრთხო იმუნიზაციისათვის ყველა პირობაა შექმნილი. სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ანტიშოკური და ანტიალერგიული პრეპარატებით, ამასთან, ყველა მათგანს წინასწარ გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ამცრელ დაწესებულებებში არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან და „მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელ, რეგიონის კოორდინატორ ბადრი კუკულაძესთან ერთად გაეცნო. მხარის პირველმა პირმა მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„მცხეთა-მთიანეთის რეგიონში აქტიურად ვაგრძელებთ სოფლის ამცრელი პუნქტების დამატებას. ამ ეტაპზე ასეთი 18 ამბულატორია გვაქვს, სადაც იმუნიზაცია ჩინური წარმოების ვაქცინებით „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ მიმდინარეობს. სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინვენტარითა და მედიკამენტით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოსახლეობას აცრის გაკეთება უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში შეუძლია.“ – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.
ცნობისათვის, ვაქცინაციის ჩატარება მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ამ ეტაპზე 7 სოფელში შეუძლია. კერძოდ, იმუნიზაციის პროცესი ძეგვის, წილკნის, საგურამოს, ქსოვრისის, მუხრანის, ძველი ქანდისა და გალავნის ამბულატორიებში მიმდინარეობს.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.