სოხუმში საპროტესტო აქცია დაანონსდა – გაძლიერებულია ე.წ. სამთავრობო შენობების დაცვა

სოხუმში ამ წუთებში დე ფაქტო პარლამენტია შეკრებილი, რომელიც 30 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს განიხილავს, რა დროსაც ე.წ. დეპუტატ გარი კოკაიას, ომის ვეტერანებსა და მილიციას შორის ინციდენტი მოხდა.

საზოგადოებრივმა მოძრაობამ “არუაა” მომხრეებს დღეს ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს ინფორმაციით, 30 სექტემბერს, 22:15 წუთზე სოხუმში ე.წ. დეპუტატმა, გარი კოკაიამ რესტორანთან Rina, თანმხლებ პირებთან ერთად, ჰაერში 5 გასროლა განახორციელა.

მილიციის მოთხოვნაზე, იარაღის ჩაებარებინა, უარი თქვა. კოკაიასა და მილიციას შორის კონფლიქტი წარმოიქმნა, რის შემდეგაც მან ადგილი დატოვა და მიიმალა. 2 ოქტომბერს ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკვე პირველ ოქტომბერს, 00:10 წუთზე დე ფაქტო პარლამენტის კიდევ ერთი ე.წ. დეპუტატი, ალმასხან არძინბა სამსახურებრივი მანქანით ე.წ. შსს-ს შენობასთან მივიდა, მანქანიდან გადმოვიდა, იგინებოდა და კალაშნიკოვის ტიპის ავტომატიდან ჰაერში 20-მდე გასროლა განახორციელა, არძინბა ადგილიდან მიიმალა.

“არუაა”-ს წევრები ამბობენ, რომ 30 სექტემბერს 7 ვეტერანია ნაცემი, ისინი ადგილზე მიაგდეს და მიიმალნენ.

გუშინ კი, ე.წ. შს მინისტრმა, დიმიტრი დბარმა გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით დე ფაქტო პარლამენტს მიმართა. მისი ინიციატივა თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დააკმაყოფილა და ამიერიდან, დროებით უფლებამოსილებას რუსლან აჟიბა შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები