გიგა ფარულავას განცხადებით, სამეგრელოში დაფიქსირდა ფაქტები, როცა რეგისტრატორები ბიულეტენებს ბეჭედს არ ურტყამენ და ხელმოწერას არ აფიქსირებენ
პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრის გიგა ფარულავას ინფორმაციით, სამეგრელოში დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც რეგისტრატორები ამომრჩეველზე გაცემულ ბიულეტენებს ბეჭედს არ ურტყამენ და ხელმოწერას არ აფიქსირებენ, რაც ბიულეტენის გაბათილებას იწვევს.
როგორც ფარულავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, აბაშაში, სენაკსა და ზუგდიდში უბნებზე ფიქსირდება ავტომობილებში ფულის გადაცემის ფაქტები.
„უმთავრესი, რაც მინდა აღვნიშნო, „ქართული ოცნების“ შტაბის მიერ თავის მხარდამჭერებზე არის კონკრეტული დავალება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველზე, რომელიც საეჭვოა მათთვის და სავარაუდოდ არ შემოხაზავს ბიულეტენზე 41 ნომერს, მოხდეს მათ ბიულეტენზე, როგორც ბეჭდის ასევე ხელმოწერის არ დაფიქსირება. მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, რომ მაქსიმალურად ყურადღებით შეამოწმონ მიღებული ბიულეტენები, ვინაიდან კონკრეტულ ბიულეტენზე ხელმოწერის ან ბეჭდის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ბიულეტენი ჩაითვლება ბათილად.
ადგილობრივი არჩევნებისთვის ფიქსირდება მნიშვნელოვანი აქტივობა, რაც მშვიდობიანი ცვლილებების მაჩვენებელია. შევეხები კონკრეტულ ფაქტებს. რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა, რომ რეგისტრატორები ამომრჩეველზე გაცემულ ბიულეტენებს არ ურტყამენ ბეჭედს, ასევე არ აფიქსირებენ ხელმოწერას, რაც ბუნებრივია ბიულეტენის ბათილობაზე მიანიშნებს.
აბაშაში, სენაკსა და ზუგდიდში უბნებზე ფიქსირდება ავტომობილებში ფულის გადაცემის ფაქტები. მთელი რეგიონის მასშტაბით უბნების უმეტეს ნაწილზე ფიქსირდება „ბირჟები“. ისინი არღვევენ კანონით დადგენილ დისტანციას და არ ხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
ფოთში ორი უბანი გაიხსნა დაგვიანებით და აქაც ასევე აქტიურად ხდება „ბირჟების“ მობილიზება და იმ დისტანციის დარღვევა, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს.
ხობში უბანზე ადგილი ჰქონდა ბიულეტენების განზრახ დაზიანებასა და ასე გადაცემას ამომრჩევლისთვის“, – აცხადებს გიგა ფარულავა.