„დღეს არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის. სამწუხაროდ უკვე სახეზე გვაქვს, ნაც-ქოცური თამაშები და მინდა ვთქვა, რომ ეს ცირკი რაც დღეს ქვეყანაშია, აუცილებლად უნდა დასრულდეს. ამისათვის საჭიროა წავიდეთ არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ საქართველოს ნათელ მომავალს.”- განაცხადა პარტია „საქართველოსთვის” ბათუმის მერობის კანდიდატმა, ირაკლი მიქელაძემ პარტიის ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ირაკლი მიქელაძემ საარჩევნო პროცესში უკვე გამოვლენილ დარღვევებზეც ისაუბრა.
„დღის განმავლობაში „ქართული ოცნების” წარმომადგენლები საარჩევნო უბნებთან დაკავებული არიან ამომრჩევლის მოსყიდვითა და დაშინებით. რიგი დარღვევები გამოვლინდა სხვადასხვა საარჩევნო ოლქში – მაგალითად, რამდენიმე უბანზე მარკირების სითხე არ რჩებოდა ამომრჩევლის თითზე. ასევე, იყო შემთხვევები, როცა კონკრეტული უბნებიდან მოხდა ბიულეტინის გატანა. ასევე, როგორც ყოველთვის – ყველა უბანზე ამომრჩეველთა სიებით მობილიზებული არიან აგიტატორები და ე.წ „ძველი ბიჭები”, რაც მეტყველებს, რომ „ქართული ოცნება” აქტიურად ცდილობს გააყალბოს არჩევნები.”- ამბობს მიქელაძე.
პარტია „საქართველოსთვის” ბათუმის მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროცესის ადმინისტრაციაში ჩართულ პირებს მოუწოდა არ დაუშვან არჩევნების გაყალბება.
„მინდა მოვუწოდო საარჩევნო უბნების თითოეულ წარმომადგენელს და იმ ადამიანებს, ვინც ახლა დაკავებულია არჩევნების ჩატარებით – ნუ დაუშვებთ, რომ არჩევნები გაყალბდეს. მიეცით ადამიანებს საშუალება გამოხატონ თავისი ნება.”- მიმართავს მიქელაძე საარჩევნო პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელ პირებს.
ბათუმის მერობის კანდიდატმა მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე, გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია და მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ნათელ მომავალს.”-განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.