ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ მოქალაქეებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში კორონავირუსზე ტესტირება შეუფერხებლად შეუძლიათ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ მოქალაქეებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში კორონავირუსზე ტესტირება შეუფერხებლად შეუძლიათ. ადგილზე სპეციალურად უკვე მოეწყო სივრცე, სადაც “მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” წარმომადგენლები COVID-19-ზე სწრაფ ტესტებს უფასოდ აკეთებენ. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო პერსონალი მოქალაქეებს მომსახურებას ყოველდღიურ რეჟიმში უწევს.

სოფელ ოძისში იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე. მხარის პირველმა პირმა კორონავირუსზე ტესტირების სივრცე მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაურთან, “მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” ხელმძღვანელ, რეგიონის კოორდინატორ ბადრი კუკულაძესთან და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილე კახა მამულაძესთან ერთად მოინახულა.

“ტესტირების სივრცე შესაბამისი სტანდარტების მიხედვით მოეწყო. სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ყველა იმ საჭიროებით, რაც კორონავირუსზე ტესტის გაკეთებისთვის მნიშვნელოვანია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელ მოქალაქეებს კომფორტულ გარემოში მოემსახურებიან და საჭიროების შემთხვევაში სათანადო დახმარებასაც გაუწევენ.” – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.

ცნობისათვის, სოფელ ოძისში ტესტირების სივრცე მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, “მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა” და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კოორდინირებული მოქმედებების შედეგად მოეწყო.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები