“ყოველ წელს მარნეული ხდება “ნაციონალების” პროვოკაციების ეპიცენტრი” – ფიზიკური დაპირისპირება მარნეულში
მარნეულში ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი როშან ისკანდაროვი დაშავდა. ის მსუბუქი დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების ვერსიით, ისინი მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდნენ, რის შემდეგაც მათ “ოცნების” წარმომადგენლები დაედევნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
“უკნიდან დაგვედევნენ, დაგვეწივნენ. სადახლოს მაჟორიტარი დეპუტატი როშან ისკანდაროვი გადმოვიდა, დაგვიწყო ლანძღვა-გინება და უშვერი სიტყვებით, დედის გინებით. დაგვესივნენ, დაგვიწყეს ცემა-ტყეპა და იძულებული გავხდით, თავი დაგვეცვა და ჩვენც გამოვიყენეთ მათ მიმართ ხელის კვრით და ჯიკაობით ძალა, რომ თავი დაგვეცვა და გამოვქცეულიყავით, გამოვიქეცით, წამოვედით”, – აცხადებს ენმ-ის წარმომადგენელი.
მომხდარ დაპირისპირებაზე განსხვავებული ვერსია აქვთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს.
“ქართული ოცნების” ვერსიით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ისეთ ადგილზე აკრავდნენ საარჩევნო პლაკატებს, სადაც კანონით განსაზღვრული არ იყო. მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, მათ ენმ-ის წევრებს შენიშვნა მისცეს, რაც, ჯერ სიტყვიერ, ხოლო შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
“დაიწყო უკვე პროვოკაციული ქმედებები მარნეულში. დღეს სოფელ სადახლოში, სიის მეორე ნომერი ლაშა ქველაძე სააგიტაციო მასალას აკრავდა სკოლის კედელზე, რაზეც ჩვენი კანდიდატის მხრიდან იყო კანონიერი მოწოდება, რომ ეს კანონის დარღვევაა. მათ ამაზე ძალიან ცუდი რეაგირება ჰქონდათ და სცემეს ჩვენს კანდიდატს, ზიანი მიაყენეს მის სხეულს, სახელს. ყოველ წელს მარნეული ხდება “ნაციონალების” პროვოკაციების ეპიცენტრი,”- განაცხადა ზაურ დარგალმა.