მიხეილ ჩხენკელმა გორის უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გახსნა, რომელიც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში ქართველ მეცნიერთა წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს და რეგიონის საჭიროებებს მოემსახურება.
მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მეცნიერების მხარდაჭერის მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
„მსურს გაცნობოთ, რომ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება. მიღწეულია შეთანხმება, რომ Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად იმავე პირობებით და უფლებებით, რითაც სარგებლობენ ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები“, – აღნიშნა მინისტრმა.
მან ასევე განაცხადა, რომ გორის უნივერსიტეტს მალე ბიბლიოთეკის ახალი შენობის ექნება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს და სტუდენტებს სწავლისათვის კომფორტულ პირობებს შეუქმნის. ახალ შენობაში განთავსდება ახალგაზრდული ცენტრი, სადაც სტუდენტების მონაწილეობით სხვადასხვა საგანმანათლებლო შინაარსის ღონისძიება ჩატარდება და სტუდენტურ ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს.
Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების ფუნქცია იქნება არა მხოლოდ ევროკავშირის კონკურსების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, არამედ ქართველ მკვლევართა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადის მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში. მნიშვნელოვანია, შეიქმნას და განხორციელდეს სამეცნიერო პროექტები ევროკავშირის წამყვან კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, რაც მეცნიერების ინტერნაციონალიზაციასზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
გორის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ჯაბა სამუშია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.