რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო ბაზა აშენდება

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო ბაზა აშენდება. საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით გამართულ პრეზენტაციაზე, ადგილობრივ მოსახლეობას და სპორტსმენებს, განსახორციელებელი პროექტის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მიაწოდეს.
რაგბის ახალი სტადიონი რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში რაგბის ძველი მოედნის ადგილზე, “ქართუ ფონდის” მიერ ინვესტირებული იმ პროექტის ფარგლებში აშენდება, რომელიც საქართველოს მასშტაბით 100 სარაგბო სტადიონის და ბაზის მშენებლობას ითვალისწინებს.
საქართველოს პარლამენტის წევრის ალექსანდრე დალაქიშვილის განცხადებით, რუსთავში ბოლო წლებში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და განახლების მიზნით რამდენიმე მსხვილი პროექტი ხორციელდება.

“ჩვენს ქალაქს, რაგბში ძალიან დიდი ტრადიციები აქვს, ფონდი ,,ქართუს“ დახმარებით უკვე გვაქვს რაგბის სპორტკომპლექსი, შენდება ახალი სპორტის სასახლე, წლის ბოლოს დასრულდება პროექტირება და მომავალ წელს ჭყონდიდელის დასახლებაში სარაგბო ბაზის მშენებლობა დაიწყება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ფეხბურთის სტადიონის განახლების კონცეფციაზე. ვფიქრობ, რომ რამდენიმე წელში ჩვენ მივიღებთ შედეგს და რუსთავი მართლა იქნება ჩემპიონების ქალაქი“, – განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.

,,რუსთავში რაგბი საკმაოდ პოპულარულია, ქალაქს ჰყავს თავისი ლეგენდები, რომლებიც მსოფლიოს დიდ არენებზე თამაშობდნენ და დღესაც თამაშობენ. ისინი სწორედ ამ მოედანზე გაიზარდნენ, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ დღეს აქ ჩამოვსულიყავით და გვეთქვა, რომ ჩვენ ვიწყებთ ახალი სარაგბო ბაზის პროექტირებას”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, რაგბის ახალი სტადიონი დამატებითი მოტივაცია იქნება სპორტის ამ სახეობით დაინტერესებული რუსთაველი ახალგაზრდებისთვის.

“მინდა მივულოცო რუსთავს, ამ დასახლების მაცხოვრებლებს და ბავშვებს, აქ გრანდიოზული პროექტი განხორციელდება, აშენდება რაგბის ბაზა, საკმაოდ გამართული ინფრასტრუქტურით. იცით, რომ ,,ქართუ ფონდმა“ საკმაოდ დიდი ინვესტიცია გაიღო რაგბისთვის და ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა, დაახლოებით 200 მილიონამდეა დახარჯული და ბევრი რაგბის ბაზა მივიღეთ. ეს პროცესი გრძელდება და სასიხარულოა, რომ რუსთავში გაკეთდება ახალი სარაგბო ბაზა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

რუსთავში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით უკვე დაწყებულია სპორტის სასახლის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რაგბის ახალი სტადიონის პროექტზე მუშაობა წლის ბოლოს დასრულდება, მშენებლობა, კი 2022 წელს დაიწყება, მიმდინარეობს მუშაობა რუსთავის ფეხბურთის სტადიონის განახლების კონცეფციაზეც.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები