თეა წულუკიანი ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთს” შეხვდა და სამინისტროს სახელით მხარდაჭერა აღუთქვა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძესთან და ლანჩხუთის მერთან და ამავდროულად „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატ ალექსანდრე სარიშვილთან ერთად ლანჩხუთის საფეხბურთო აკადემიაში ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთს” შეხვდა.
მინისტრმა ქალი ფეხბურთელებისგან გუნდის საქმიანობის შესახებ მიიღო ინფორმაცია და სამინისტროს სახელით მხარდაჭერა აღუთქვა. თეა წულუკიანმა გუნდის წევრებს უახლოეს ერთ თვეში სამუშაო შეხვედრა შესთავაზა, რათა მოხდეს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარების გაწევა შეუძლია სამინისტროს ქალი ფეხბურთელებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი” აქტიურად მონაწილეობს ქალთა ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც 2016 წლიდან ტარდება. 2016 წელს გუნდმა მოცემულ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, 2017 წელს – მესამე ადგილი, 2018 წელს ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო 2019 წელს – ჩემპიონი.
მინისტრმა ფეხბურთის აკადემიის ახლად რეაბილიტირებული შენობაც დაათვალიერა და მის საქმიანობას გაეცნო. სპორტული კომპლექსი ფეხბურთში მხოლოდ ვაჟებს ავარჯიშებს მთელი რეგიონიდან. ამასთან, კომპლექსის ინფრასტრუქტურა საცხოვრებლადაც არის მოწყობილი და შესაბამისად, ერთდროულად 46 ახალგაზრდას შეუძლია კომპლექსიდან გაუსვლელად მიიღოს მოცემული სერვისი. ამჟამად ფეხბურთის აკადემიის ბაზაზე 23 ვაჟი ცხოვრობს და ვარჯიშობს.
ინფორმაციისთვის, გვიმბალაურის საფეხბურთო აკადემია ფეხბურთის ფედერაციისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტია. პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობა მოეწყო. ასევე დამონტაჟდა განათების სისტემა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით 2018 წელს დაიწყო და ჯამში მასზე 2 323 775 ლარი დაიხარჯა. მომდევნო წლებში განხორციელდა შენობის ინვენტარით აღჭურვა, ეზოს კეთილმოწყობა და განათების სისტემის მონტაჟი. ხოლო ფეხბურთის ფედერაციამ უმაღლესი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოაწყო.