რუსთავში, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს
რუსთავში, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს. რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ქავთარაძემ ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
,, სოხუმის დაცემის და ჟიული შარტავას გმირულად დაღუპვის დღიდან, 28 წელი გავიდა. ეს დღე, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ პატივი მივაგეთ საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას და საქართველოს ერთიანობისთვის ომში დაღუპულების ხსოვნას. ტრაგედიამ, რომელიც 28 წლის წინ დატრიალდა საქართველოში, ერთნაერად დააზარალა აფხაზეთი, სამაჩაბლო, იმერეთი, აჭარა, სამეგრელო …-მთელი საქართველო. ჩვენ უნდა დავიწყოთ ურთიერთობების აღდგენა აფხაზ ხალხთან და ეს იქნება დასაწყისი იმ საქართველოს შენების გზაზე, როგორ საქართველოსაც შეეწირა ჟიული შარტავა“- განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიდების ხეივანში, გვირგვინებით შეამკეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი. ღონისძიებას, საკრებულოს დეპუტატები და აფხაზეთის იმის რუსთაველი ვეტერანები ესწრებოდნენ. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად, 300 ათასამდე მშვიდობიანმა მოქალაქემ დევნილის სტატუსით დატოვა აფხაზეთი. შეიარაღებულმა კონფლიქტმა სხვადასხვა ეროვნების 10 ათასამდე მებრძოლის და 4 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტებმა დახვრიტეს, გარდაცვალების შემდეგ, მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.