დმანისში, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

დმანისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილს, დავით დაუთაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლო პროცესს დაუთაშვილთან ერთად დისტანციურად ესწრებოდა მისი ადვოკატი გია მაჩიტაძე. მაჩიტაძის ინფორმაციით, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის პოზიცია, რომ საქმეში არ არსებობდა აღკვეთი ღონისძიების გამოყენების მტკიცებულებითი საფუძველი.
,,მოსამართლემ ბრალდებული დატოვა პატიმრობაში, მას აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის პოზიცია, რომ საქმეში არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მტკიცებულებითი საფუძველი. კერძოდ, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომ დაჭრილ პიროვნებას მიყენებული აქვს სხეულის მძიმე დაზიანება. სანამ არ დადასტურდება ის გარემოება, რომ მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული, აღნიშნული ბრალი არ უნდა წაყენებოდა’’, – აღნიშნა გია მაჩიტაძემ.
მისივე ინფორმაციით, დავით დაუთაშვილი წარდგენილ ბრალს აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ მომხდარს პოლიტიკური მოტივი არ ჰქონდა. ამასთან, დასადგენია როგორი იყო დაპირისპირების დროს მისი ფსიქიკური მდგომარეობა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ მის ხელთ არსებული დანით მოხდა ამ ორი პიროვნების დაჭრა, მაგრამ არავითარ შუაში არ არის პოლიტიკური მოტივი. მხოლოდ ერთი რამე ამოძრავებდა მას, რომ დახმარებოდა მამას, რომლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რეალურად ემუქრებოდა საფრთხე. ასევე დასადგენია როგორი იყო მისი ფსიქიკური მდგომარეობა”, – აღნიშნა გია მაჩიტაძემ.
ცნობისთვის, დმანისში „ნაციონალური მოძრაობის“ 2 მხარდამჭერის დაჭრის ფაქტზე დაუთაშვილს ბრალდება 23 სექტემბერს წარედგინა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები