8-3-ის წინააღმდეგ – ვერდიქტი გამოტანილია – თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს.
ეს გადაწყვეტილება სასამართლოს შემაჯამებელი სხდომის შემდეგ, 11-მა მსაჯულმა თითქმის 10 საათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო. სასჯელის ვადის დადგენაზე სასამართლო უახლოეს საათებში იმსჯელებს.
მოკლულის ნათესავის, აკა საჩიშვილის განცხადებით, ბრალდებულმა უდანაშაულო ადამიანი მანქანაში ჩაცხრილა, მიზეზი კი მისი თქმით, მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო.
ამასთან, საქმის პროკურორის თქმით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა და დაეთანხმა ბრალდებას კვალიფიკაციაში, რომ ბრალდებულმა განზრახ მოკლა ზურაბ საჩიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2020 წელს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც თელავის პოლიციის მაშინდელი უფროსის ყოფილმა მოადგილემ საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურა საჩიშვილი სამსახურებრივი იარაღით მოკლა.