მიხეილ დაუთაშვილის განცხადებით, მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რითაც ოპოზიციის აქტივისტებმა ისარგებლეს
“ქართული ოცნების” დმანისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის განცხადებით, სოფელ განთიადში ორი ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ მის შვილს მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ ცნობილია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებისთვის და ამ საკითხით პროვოკაციის მიზნით განზრახ ისარგებლეს.
“ჩემს შვილს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა. ეს იცოდნენ მათ და ისარგებლეს. პროვოკაციაზე ისარგებლეს. მე რომ მირტყამდნენ და გონებას ვკარგავდი უკვე ამ დროს დავუნახივარ ჩემ შვილს. ამ დროს მიაყენა ჭრილობა… პოლიციას თავად ჩაბარდა”,- ამბობს მიხეილ დაუთაშვილი.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილები შემდგომი გამოკვლევებისთვის თბილისში გადაიყვანეს. შსს-მ დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და ერთი ადამიანი დააკავა.