ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესი 29 ადგილას განვითარდა
სტიქია ქობულეთში – ძლიერი წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესი 29 ადგილზე განვითარდა, რომელთაგან 14, უშუალოდ, საცხოვრებელი სახლების მიმდებარედაა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა ასევე ცენტრალური გზები, სადაც უკვე მუშაობს 5 ერთეული ტექნიკა.
ხალას თემში, სოფელ გორგაძეებში ძლიერმა წვიმამ დააზიანა მოქალაქის თენგო ფალავანდიშვილის საცხოვრებელი სახლი, რომელსაც საყრდენი გამორეცხვის შედეგად ჩამოეშალა. ფალავანდიშვილების ოჯახში ამბობენ, რომ სახლი გამაგრებით სამუშაოებს მოითხოვს და თუ დროული რეაგირება არ იქნა, მათთვის აქ გაჩერება საფრთხის შემქმნელი იქნება.
სიტუაციას ადგილზე გაეცნო ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ გეოლოგების მიერ შესაბამისი დასკვნების გაკეთების შემდეგ იქნება შესაძლებელი სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის დახმარების გაწევა.
სოფელ დაგვაში 6 ოჯახი ამ დრომდე გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი. გზა რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. ადგილზე დილიდან საგზაო დეპარტამენტის კუთვნილი მძიმე ტექნიკა მუშაობდა.