პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა – მათ შორის ნარკორეალიზატორი, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ, ქობულეთსა და ბათუმში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულები არიან უცხო ქვეყნების მოქალაქეები: 1974 წელს დაბადებული თ.დ. 1993 წელს დაბადებული ბ.ა. 1989 წელს დაბადებული ვ.კ. ამავე წელს დაბადებული ო.პ და საქართველოს მოქალაქე – 1999 წელს დაბადებული ა.გ.
“სამართალდამცველებმა ბ.ა. ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ იგი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას ახდენდა. ბ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მის მიერ ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული ფული – 8000 ლარზე მეტი და 44 აბი „სუბოქსინი“.
პოლიციამ ბრალდებული თ.დ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 3 შეკვრად დაფასოებული, „მეტამფეტამინის“ შემცველი ნარკოტიკი. დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.
რაც შეეხება წარსულში ნასამართლევ ა.გ.-ს, იგი პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია 10 შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“-ს შემცველი ნივთიერება.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის, ასევე, ბათუმში დააკავეს ვ.კ. და ო.პ., რომელთა პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 247 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „ალფა-პვპ“.
გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.კ. და ო.პ ნარკოტიკულ საშუალებებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ.
დანაშაულები 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები