რუსთავში რამდენიმე მსხვილი პროექტი ხორციელდება – სამუშაოები მხარის გუბერნატორმა და მერმა დაათვალიერეს
რუსთავში, რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დასრულების ფაზაშია.
ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ადგილზე დაათვალიერეს ორ ახალ რეკრეაციულ სივრცეში – ახალგაზრდობისა და თეატრის სკვერებში მიმდინარე სამუშაოები. რეკრეაციულ სივრცეებში, რომელიც ჯამში 6 ჰექტარამდე მიწის ფართობს მოიცავს, სექტემბრის ბოლომდე მოეწყობა ახალი, თანამედროვე დასასვენებელი ადგილები რუსთაველებისთვის. ორივე პროექტის ღირებულება 3 მლნ 328 011 ლარია, პროექტები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად , რუსთავში სავბავშვო ბაღების შიდა ეზოების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. დღესვე ქვემო ქართლის გუბერნატორი და რუსთავის მერი, ქალაქის საბავშო ბაღებში მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნენ. ამ ეტაპზე სამუშაოები 6 ლოკაციაზე: #17, #18, #20, #21, #31 და #43-ე ბაგა-ბაღების ეზოებში ხორციელდება. პროექტი გარე საკანალიზაციო ქსელის, ბორდიურებისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების ღირებულება ჯამში 648,438 ლარს შეადგენს და მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
,,რუსთავში, წელს 25 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ხაზგასმისთ მინდა აღვნიშნო, რომ 15 მილიონით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, 10 მილიონი ლარი რეგიონული ფონდიდან იხარჯება. ჩვენ, ტრადიციულად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სკოლამდელი დაწესებულებებისა და სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ექვს საბავშვო ბაღში ეტაპობრივად განხორციელდა კარ-ფანჯრების შეცვლისა და ბუნებრივი აირის გათბობის სისტემების სამონტაჟო სამუშაოები, ამჟამად მიმდინარეობს შიდაეზოების ასფალტირება. მსგავსი სამუშაოები ამ ბაღების აშენებისა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, პირველად ხორციელდება. ინტენსიურად მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა რუსთავში რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება, რუსთაველის ქუჩაზე ფასადების რეაბიულიტაციის სამუშაოები. იმედი გვაქვს, რომ ყველა პროექტი დასრულდება დროულად, დადგენილ ვადებში”, – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.
მიმდინარე წელის ბოლომდე, რუსთავში 56 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დასრულდება.