იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“ დღეს საპილოტე რეჟიმში აჭარიდან დაიწყო
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, მაღალმთიან სოფელ ჭახათში ადგილობრივებს „მობილური იუსტიციის სახლით“ მიაკითხა და სოფლის მცხოვრებთ სხვადასხვა დოკუმენტაცია გადასცა.
პირველი, ვინც სამინისტროს ახალი მომსახურებით ისარგებლა, იყო სოფელ ჭახათის მკვიდრი, 91 წლის მერიემ დავითაძე. დავითაძეების ოჯახის უხუცეს წევრს, რომელსაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ამ დრომდე არ ჰქონდა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ID ბარათი პირადად გადასცა.
„მობილური იუსტიციის სახლის“ კიდევ ერთი მომსახურებით – სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაციით, ისარგებლეს სოფელ ჭახათის მცხოვრებთ ნუგზარ დავითაძემ და ნანა ტაკიძემ. მათ სამოქალაქო ქორწინება 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გააფორმეს, მათი ქორწინების მოწმეები კი, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იყვნენ. „მობილური იუსტიციის სახლის“ დახმარებით, სამოქალაქო ქორწინება დავითაძეების ოჯახში რამდენიმე წუთში გაფორმდა.
იუსტიციის სახლის სერვისებს შორის ყველაზე მოთხოვნადი სოფელ ჭახათში კოვიდბარათი აღმოჩნდა. „მობილური იუსტიციის სახლის“ დახმარებით ადგილობრივებმა ბარათები სოფლიდან გაუსვლელად მიიღეს. კოვიდბარათის აღების მსურველთა რიგში იდგა თორნიკე რიჟვაძეც. მას და მკვიდრ მოსახლეობას საჭირო დოკუმენტაცია იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პირადად გადასცა.
აჭარის შემდეგ „მობილური იუსტიციის სახლი“ დღეს გურიის, იმერეთის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის ცენტრიდან დაშორებით მდებარე სოფლებშიც ჩავიდა. საპილოტე რეჟიმში პირველ ეტაპზე 5 „მობილური იუსტიციის სახლი“ 6 რეგიონში კვირაში ერთხელ ივლის, საბოლოოდ კი, პროექტი საქართველოს ყველა იმ სოფელს დაფარავს, სადაც სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია.
იუსტიციის სახლი მოქალაქეებს 450 მომსახურებას სთავაზობს, „მობილური იუსტიციის სახლის“ დახმარებით კი, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები ყველა ამ სერვისს სახლიდან გაუსვლელად მიიღებენ. ეს მათ როგორც დროის, ისე ფინანსების დაზოგვაში დაეხმარება.
“მობილური იუსტიციის სახლების” აღჭურვა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ “დელტას” ჩართულობით მოხდა.