რას ფიქრობენ ვაქცინაციაზე სამეგრელოში და იმატა თუ არა აცრის მსურველთა მიმართვიანობამ სამედიცინო ცენტრებში

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებია პარალელურად, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინირებული ადამიანების რიცხვიც იმატებს.

‘’კვირა’’ დაინტერესდა, თუ როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში და რას ფიქრობს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრაზე ადგილობრივი მოსახლეობა.

50 წლის ნათია ნადარეიშვილი სოფელ ლიას მკვიდრია. მისი თქმით, აცრა არის ერთადერთი, რითაც შეიძლება, მსოფლიო დაუბრუნდეს ძველ ცხოვრებას.

,,სიამაყით ვაცხადებ, რომ ვარ აცრილი.როგორც კი ჩვენს რეგიონში შემოვიდა “ფაიზერის” ვაქცინა, იმ დღესვე წავედი გასაკეთებლად. არანაირი გვერდითი ეფექტი არ მქონია. თქვენი საშუალებით მადლობა მინდა, ვუთხრა მთავრობას, რადგან მარტივად შეიძლება, მიხვიდე და აიცრა’’, – აცხადებს ნათია ნადარეიშვილი.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი პირველი, ვინც კოვიდ- საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, 20 წლის, პირველი კურსის სტუდენტი, ხატია გვილიაა. “კვირასთან“ საუბრისას ის აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება სრულიად დამოუკიდებლად, ოჯახთან შეთანხმების გარეშე მიიღო.
მისი თქმით, აცრა საკუთარი და ოჯახის წევრების დასაცავად გადაწყვიტა.

,,დიდხანს ვფიქრობდი, გამეკეთებინა თუ არა ვაქცინა. ინტერნეტში ბევრი “ფეიკ” ნიუსი მხვდებოდა, თუმცა, დღეს დავრწმუნდი, რომ არ შევმცდარვარ და სწორად მოვიქეცი. ზოგჯერ ჩემს აუცრელ მეგობრებთან ვტრაბახობ, რომ მე ორივე დოზით აცრილი ვარ. ველოდები სწავლის აუდიტორაში დაწყებას’’, – ამბობს ხატია გვილია.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში, ‘’კვირა’’დაუკავშირდა რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს.

ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფროსის, ნინო ჯომიდავას განცხადებით, მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მომართვიანობამ ვაქცინაციის კუთხით იმატა.

,,მოსახლეობის მხრიდან მომართვიანობამ იმატა. ჩხოროწყუში კეთდება სამი ტიპის (“ფაზიერი”, “სინოფარმი”, “სინოვაკი”) ვაქცინა. გვყავს მობილური ჯგუფები, რომლებიც გადიან სოფლებში. დღეს სამ სოფელში ვიყავით’’, – აცხადებს ნინო ჯომიდავა.

რაც შეეხება მდგომარეობას სენაკში – აქ დღეში 150-დან 200-მდე ადამიანი იცრება.

,,დღეში ვცრით 150-დან 200-მდე მოქალაქეს, ჩვენს მუნიციპალიტეტში სამ კლინიკაშია შესაძლებელი აცრის ჩატარება წინასწარი ჯავშნის გარეშე. სოფლებში დღიურად, დაახლოებით, 30-მდე ადგილობრივი იცრება“, – უთხრა ‘’კვირას’’ სენაკის საზ.ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა, ანა ჭიჭაღუამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აცრილია 84 298 ადამიანი, აქედან ერთი დოზით – 53855, ორით – 30 443.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები