გეგუთის ციხეში კოვიდინფიცირების შემთხვევები აღარ ფიქსირდება – პატიმართა 55% უკვე აცრილია

N14 (გეგუთის) პენიტენციურ დაწესებულებაში ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში კოვიდ-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაწესებულებაში 31 აგვისტოს შემდეგ კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე N14 დაწესებულებიდან ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში 14 მსჯავრდებული რჩება.

ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პროტოკოლით გათვალისწინებული ტესტირებისა და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში სასჯელის მოხდის ადგილზე დაბრუნდებიან. მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პატიმრების განცალკევება ინფიცირების შემთხვევების გამოვლენისთანავე ხდება.
ასევე, პატიმრები PCR ტესტის საშუალებით თვეში 2-ჯერ იტესტებიან.

ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე N14 (გეგუთის) პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების 55% უკვე ვაქცინირებულია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები