„მაჩხომერზე“ არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე ,,მაჩხომერის’’ მთაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, რომელსაც არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.

მუშაობაში ჩართული არიან მხატვარ-რესტავრატორი ნანა პაპუაშვილი, თბილისის უნივერსიტეტის არქეოლოგები თენგიზ ესებუა და დავით ნასყიდაშვილი, ასევე იტალიელი არქეოლოგი ემანუელ ინტაგლიატა.

მათი შეფასრბით, აქ გამოვლინდა რიგი ისეთი არტეფაქტებისა, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ ობიექტს. მნიშვნელოვანია აქ მოპოვებული 12 სხვადასხვა ქვის ფრაგმენტი და ერთი სრული-18 სტრიქონიანი ლოდი, რომლებზეც ბერძნული მთავრული ასოებით შესრულებული წარწერებია დატანილი. ამ წარწერებმა მიიპყრო საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება, რასაც ადასტურებს 2020 წელს გერმანიაში, ჟურნალ ,,Zeitschrift fuer Papyrologie und Epigrafik’’-ში (214) და აგრეთვე პოლონეთში ჟურნალ ,,PRO GEORGIA journal of kartvelologikal studies (N30) გამოქვეყნებული სტატიები.

,,მაჩხომერი’’ ადრექრისტიანული პერიოდის ძეგლია, აქ აღმოჩენილი წარწერების მიხედვით იგი VI საუკუნის შუა ხანებით თარიღდება. კვლევის პროცესში შეიძლება ეს ძეგლი კიდევ უფრო დაძველდეს.

,,მაჩხომერის’’ მთაზე მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია გაეცნო. სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ტარდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები