თიანეთში, სოფელ ახალსოფელში ვაქცინაციის პუნქტი გაიხსნა
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ამცრელი ამბულატორია გაიხსნა, სადაც კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მოქალაქეების აცრა ამ ეტაპზე ჩინური წარმოების ვაქცინა “სინოვაკით” მიმდინარეობს.
ახალსოფლის ამცრელი ამბულატორია მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან ერთად მოინახულა.
„ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია მოსახლეობის ჯანმრთელობა. ამიტომაც, კორონავირუსთან ბრძოლას აქტიურად ვაგრძელებთ. მასობრივი იმუნიზაციის ცენტრების გარდა, ვხსნით სოფლის ამცრელ ამბულატორიებს. მათ შორისაა ახალსოფლის ვაქცინაციის პუნქტი, სადაც მოქალაქეთა მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია.
საჭიროებიდან გამომდინარე, სოფლის ამცრელ ამბულატორიებს კვლავ დავამატებთ, რადგანაც ამ გზით მოსახლეობისათვის ვაქცინაციის შესაძლებლობა მარტივად ხელმისაწვდომია,” – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.
ცნობისათვის, ამ ეტაპზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოქმედებს მასობრივი იმუნიზაციის 5 ცენტრი – 2 მცხეთაში, 1 დუშეთში, 1 სტეფანწმინდასა და 1 თიანეთში.
ასევე, რეგიონის მასშტაბით მუშაობს სოფლის 13 ამცრელი ამბულატორია. მათ შორის – 5 დუშეთის ( მჭადიჯვარი, ჟინვალი, ბაზალეთი, ანანური, ფასანაური), 3 მცხეთის (ძეგვი, წილკანი, საგურამო), 2 ყაზბეგისა (სნო, გორისციხე) და 3 თიანეთის (ნაქალაქარი, სიმონიანთხევი, ახალსოფელი) მუნიციპალიტეტებში. ვაქცინაციის აღნიშნული პუნქტები ჯამში მხარის 117 სოფელს ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს დღეებში, ასევე, დაგეგმილია სოფელ მუხრანში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრის, ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთში ვაქცინაციის პუნქტის გახსნა.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.