“კოვიდკლინიკებში მიმართვიანობამ იკლო” – როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება სამეგრელოს რეგიონში
ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მცირედით გაუმჯობესდა. დადასტურებული შემთხვევების კლების ტენდენციის ფონზე ‘’კვირა’’დაინტერესდა, თუ როგორია ეპიდვითარება სამეგრელოში და ინფორმაციისთვის რეგიონში არსებულ რამდენიმე კლინიკას დაუკავშირდა.
როგორც აბაშის კლინიკის დირექტორი, სოსო ქიოიავა ამბობს, გასულ თვესთან შედარებით, კოვიდ დადასტურებული პაციენტების მიმართვიანობამ იკლო.
,,მეტწილად, გასულ თვეებთან შედარებით, იკლო მომართვიანობამ, ვიღებთ კოვიდთერეპულ პაციენტებს, რომლებსაც მიეწოდებათ ჟანგბადი. კლინიკაში გვაქვს 28 საწოლი. დღეის მდგომარეობით, აქედან მხოლოდ ოთხია თავისუფალი. ჩვენთან რეანიმაციული განყოფილება არ არის, ამიტომ, პაციენტებს, რომლებსაც რეანიმაცია სჭირდებათ, არ ვიღებთ“, – აცხადებს აბაშის კლინიკის დირექტორი.
რაც შეეხება მდგომარეობას კლინიკა ,,სენამედში“ – მიუხედავად შედარებით ნაკლები მომართვიანობისა, თავისუფალი ადგილები არ აქვთ.
,,ვიღებთ მძიმე და საშუალო სიმძიმის კოვიდპაციენტებს. 42 ადგილიდან ყველა შევსებულია. გვაქვს ასევე რეანიმაციული განყოფილებაც’’, – უთხრა „კვირას“ კლინიკის დირექტორის მოადგილე ილია ჯაფარიძემ.
როგორც ‘’კვირას’’ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურში უთხრეს, ეპიდემიის გავრცლების დღიდან დღემდე, რეგიონში ინფიცირების 40 673 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილი 490 პაციენტი. ამავე მონაცემებით, ჯამურად, გარდაცვალების 673 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 47 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდანაა.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს – ის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს, აცრა ყველა ტიპის ვაქცინით არის შესაძლებელი. სამეგრელო-ზემო სვანეთში აცრილია 84 298 ადამიანი, აქედან ერთი დოზით – 53855, ორით – 30 443.